დონალდ ტრამპი დავოსში უფრო აგრესიული და ამბიციური მიდის, ვიდრე ოდესმე, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „აქსიოსი“.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას სავარაუდოდ მსოფლიო ლიდერებს გააკრიტიკებს.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს ურჩია, მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება.
„ისევე როგორც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მივიდა და განაცხადა: „თქვენ დიდ გადასახადებს იხდით, ბევრ უძრავ ქონებას იკავებთ, მაგრამ სინამდვილეში, არაფერს აკეთებთ“, სავარაუდოდ, ის იმავეს იტყვის დავოსის ზოგიერთ დამსწრეზეც“, – განუცხადა წყარომ „აქსიოსს“.
წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მან „ყველა კონფლიქტი გაერო-ს დახმარების გარეშე მოაგვარა“.
რაც შეეხება „მშვიდობის საბჭოს“, ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ ტრამპი იტყვის, საბჭო გაერო-ს საპირწონეა.
„ვფიქრობ, გამოიტანს დასკვნას, რომ ეს გაერო-ს საპირწონეა, თუმცა არასდროს იცი, რას უნდა ელოდე დონალდ ტრამპის გამოსვლისგან, ვიდრე ამას არ წარმოთქვამს“, – აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 21 იანვარს გამოვა სიტყვით.

