“ოცნებამ“ გუშინ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, – აღნიშნულის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
“არაადამიანურად მოპყრობას გავუტოლებდი. არაადამიანური მოპრობა არ ნიშნავს მხოლოდ ციხეებში ადამიანებზე ძალადობას და ფიზიკურ ძალადობას. არაადამიანური მოპრობა შეიძლება იყოს ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებზე და სწორედ ასეთი ტიპის მოპყრობასთან გვქონდა გუშინ საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ეზეიმა ნათლისღების დღესასწაული, „ქართულმა ოცნებამ“ ამ უტიფარი ჟესტით ეს დღე ფაქტობრივად მთელ საქართველოს ჩაამწარა.
რა შეიცვალა? „ოცნების“ ბოლო შეწყალება გიორგობას იყო, 23 ნოემბერს და მართლაც გაუგებარია, რა შეიცვალა ბოლო ორ თვეში, რომ „ოცნება“ ასეთი კეთილი გამხდარიყო და შეეწყალებინა პატიმრები. რომც ვიხილოთ ამ ადამიანების ნაწილი შეწყალებულთა სიაში, იმდენად მძიმე საყურებელი იყო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს „ქართული ოცნება“ საკუთარი საქციელით. ეს ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. „ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი სახე და დაადასტურა, რომ ამ რეჟიმს ჰუმანურობასთან, შემწყნარებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომც გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს უკანონო პატიმრები, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მიზანი კი მას აქვს ერთადერთი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

