ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე” – რევაზ კიკნაძე

“რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე” – აღნიშნულის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა რევაზ კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

“დავიწყოთ სოლიდარობით, სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატორის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს, ყველამ მაგალითი უნდა აიღოს, ვინც საკუთარ თავზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას აყენებს.

მინდა ყოველდღე დავსვა კითხვა, თუ რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე. ხომ უნდა ვიცოდეთ რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ? ვიდრე პასუხს არ მივიღებთ, ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, რადგან ორმაგს გააკეთებენ მერე და ხმის ამომღებიც არავინ იქნება.

მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში წყდება? იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ყველაფერი გავუტარეთ და დღეს, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩუმად იყავით ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო.

ვუყურებ ქვეყანაში სიტუაციას, დათა თუთაშხიადან არქიფო სეთურის ნახირი მახსენდება და იმას შევადარებდი, ვინც კიდევ მთავრობას უჭერს მხარს… რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე. შერჩევით სამართალს უნდა შევეხო, მაგალითად, რაც მახსენდება, ზვიადაურია, მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური.

გიგა ავალიანის საქმეს უნდა შევეხო, იმათ [ბრალდებულებს] არ უკვალიფიცირებდნენ ვიდრე დედამ არ ამოიღო ხმა და ჩვენ ჯგუფურობას გვედავებიან.

ხალხნო, არასდროს შეგეშინდეთ ერთი სიტყვის – რევოლუციის, რევოლუცია მშვიდობის საწინდარია, ყველაფერი არეული რევოლუციით ლაგდება“ – განაცხადა კიკნაძემ.

იტვირთბა....