ახალი ამბები მთავარი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს

პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს. დღეს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იმართება, სადაც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. სხდომას მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული.

გასული წლის ნოემბრე-დეკემბრის პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

11 პირს ბრალდებას კვალიფიკაცია შეეცვალა და გალუსტაშვილმა ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სააპელაციოში კი პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

იტვირთბა....