აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი თავის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია ღაზაში სამომავლო ნაბიჯების ზედამხედველობისთვის. ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
„მართლაც, პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღო წინადადება ამ მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ამჟამად ამ ინიციატივის ყველა დეტალს ვსწავლობთ“, – განუცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ ამერიკულ მხარესთან კონტაქტის დამყარებას, რათა შევძლოთ ყველა დეტალის დაზუსტება“, – დასძინა მან.
პარასკევს ტრამპმა გამოაცხადა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც მან დაახასიათა როგორც „ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეკრებილა“.
აღნიშნული საბჭო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების მისი 20-პუნქტიანი გეგმის საკვანძო ნაწილია. კომიტეტი, რომელსაც თავად ტრამპი უხელმძღვანელებს, ღაზის გარდამავალ მმართველობას გაუწევს ზედამხედველობას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.

