ევროპელი ლიდერები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრისას დონალდ ტრამპთან, უკრაინის ნაცვლად, გრენლანდიაზე საუბრისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის ლიდერები დავოსში ტრამპთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარს გეგმავდნენ, თუმცა ახლა მსჯელობენ, შეიძლება თუ არა მისი ნდობა.
„როგორ შეიძლება, ამ ადამიანთან დაჯდე და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილო? მისი ნდობა შეუძლებელია, თუ რეალობას არ გამოეთიშები“, – „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
როგორც ცნობილია, დღეს დავოსში გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად უკრაინის საკითხის განსახილველად იყო მოწვეული, მაგრამ საბოლოოდ ყურადღება გადავიდა გრენლანდიაზე.
ამასთან, ევროკავშირში არიან ოპტიმისტურად განწყობილი ლიდერებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპრომისის პოვნა შესაძლებელია.
კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომელმაც გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპთან, აღნიშნა, რომ „დაინტერესებულია, მოისმინოს“ შესაძლო კომპრომისი.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობის გათვალისწინებით და შემდგომი კოორდინაციის მიზნით, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომას მოიწვევს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ათპროცენტიან ტარიფებს უწესებს. ბრძანება 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.

