აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ევროპის სისუსტე აშშ-ის მიერ გრენლანდიის კონტროლს აუცილებელს ხდის გლობალური სტაბილურობისთვის.
„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ. ევროპელები სისუსტეს აჩვენებენ, აშშ კი – სიძლიერეს“, – აღნიშნა ბესენტმა NBC-ის ეთერში.
მისი თქმით, გრენლანდიის საკუთრებაში მიღება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკური ჭადრაკის მატჩში.
„პრეზიდენტი თვლის, რომ უსაფრთხოების გაძლიერება შეუძლებელია გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში ყოფნის გარეშე“, – აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ ევროპელი ლიდერები საბოლოოდ დაეთანხმებიან გრენლანდიაზე აშშ-ის კონტროლის იდეას.
„მჯერა, ევროპელები მიხვდებიან, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნა ბესენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ „გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება“.

