აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

რუბიო, ბლერი, უიტკოფი – აშშ-მ ღაზის სექტორის “მშვიდობის საბჭოს” წევრები დაასახელა

17 იანვარს, აშშ-მ ე.წ. მშვიდობის საბჭოს, რომელსაც ღაზის სექტორის დროებითი მართვის ზედამხედველობა უნდა დაევალოს, წევრების ნაწილი დაასახელა.

დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

ისრაელმა და პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ტრამპის გეგმაზე გასულ წელს შეთანხმდნენ. გეგმის მიხედვით, ღაზის სექტორის მმართველ პალესტინური ტექნოკრატიული ორგანოს საქმიანობას საერთაშორისო საბჭო გაუწევს ზედამხედველობას.

თეთრმა სახლმა წარდგენილი გუნდის, რომელსაც მან “დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭო” უწოდა, თითოეული წევრის პასუხისმგებლობები არ დააკონკრეტა. დასახელებულ სიაში პალესტინელები არ შედიან. თეთრი სახლის განცხადებით, დამატებითი წევრები უახლოეს კვირებში დასახელდება.

თეთრი სახლის ცნობით, საბჭოში ასევე კერძო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი შევლენ. ამასთან, გაეროს ახლო აღმოსავლეთის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, ბულგალერი დიპლომატი ნიკოლაი მლადენოვი ღაზის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად დაინიშნება.

თეთრი სახლის განცხადებით, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების მეთაურად დაინიშნა აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდალი, არმიის გენერალ-მაიორი ჯასპერ ჯეფერსი. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღეს, საბჭოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს ღაზაში სტაბილიზაციის ძალების შექმნის უფლებამოსილება მისცა.

თეთრმა სახლმა ასევე დაასახელა 11-წევრიანი “ღაზის აღმასრულებელი საბჭო”, რომელშიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში სიგრიდ კააგი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი და ისრაელ-კვიპროსელი მილიარდერი იაკირ გაბაი შევლენ.

თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული საბჭო მლადენოვის ოფისს და პალესტინურ ტექნოკრატიულ ორგანოს დაუჭერს მხარს.

იტვირთბა....