აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერება საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯი არ არის, თუმცა „ოცნებას“ სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეენარჩუნებინა, შესაძლოა სიაში არც მოვხვედრილიყავით” – გიორგი შარაშიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკაში შეტანილი ახალი წესები, რა თქმა უნდა, არ და ვერ ჩაითვლება მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ახალ ქმედებად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო ამ სიაში არც ყოფილიყო.

„საიმიგრაციო ვიზების შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ იყო ახსნილი, რომ ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება. ეს არ ეხება უკვე გაცემულ ვიზებსა და ტურისტულ ვიზებს. ეს კონკრეტული თემა, რომელიც ეხება 75 ქვეყანას, მათ შორის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსაც, არ უნდა მივიღოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მთელ რიგ სხვა დარღვევებს, რასაც „ოცნება“ ჩადის, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა წყალს გაატანოს. თუმცა საიმიგრაციო პოლიტიკაში შეტანილი ახალი წესები, რა თქმა უნდა, არ და ვერ ჩაითვლება მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ახალ ქმედებად, თორემ „ოცნების“ პირობებში აშშ-თან რომ რეალური უკუსვლა გვაქვს, ეს ცხადია“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირებს თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილებას საიმიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საგარეო კურსს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ნაწილობრივ უკავშირებს.

„ნაწილობრივ ვუკავშირებთ. საქართველოს ხელისუფლებას, სულ მცირე, სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეენარჩუნებინა, შესაძლოა, საქართველო ამ სიაში არც მოხვედრილიყო. სამწუხაროდ,  დღეს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა კი არა, საერთოდ არავითარი ურთიერთობა არ არის“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ფოქს ნიუსმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ტიპის ვიზების გაცემას შეაჩერებს. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, „ვიზაზე უარი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ.“

ამასთან, მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა შეაფასებს.

იტვირთბა....