მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ ბალტიის ზღვისკენ მიმავალი რუსული ნავთობტანკერი, რომელიც ე.წ. “ჩრდილოვან ფლოტს” ეკუთვნის, უკან გააბრუნა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა.
გამოცემა Bloomberg წერს, რომ გერმანიის წყლებისკენ მიმავალი ტანკერი ბოლო დღეებში 180 გრადუსით შემობრუნდა და ახლა რუსეთის არქტიკული სანაპირო ზოლისკენ მიცურავს.
მანამდე, 15 იანვარს, გერმანული მედია Tagesschau წერდა, რომ ტანკერი, სახელად Tavian, ჩრდილოეთის ზღვაში 10 იანვარს შევიდა და მას ქვეყნის ფედერალური პოლიცია “ზომბი ხომალდად” მიიჩნევს.
Tagesschau-ს ცნობით, თავდაპირველად პოლიციის ვერტმფრენი ტანკერს მიუახლოვდა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, ხოლო როდესაც გემი დანიას გასცდა და გერმანიის ტერიტორიულ წყლებს ხელახლა მიუახლოვდა, ფედერალურმა პოლიციამ Tavian-ს ქვეყნის წყლებში შესვლა აუკრძალა.
დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ კი ხელისუფლებამ დაადგინა, რომ გემი არასწორი დროშის ქვეშ დაცურავდა და მისი საიდენტიფიკაციო ნომერიც გაყალბებული იყო. ამასთან, ტანკერი 2021 წლის შემდეგ აშშ-ს სანქციების სიაშიც შედიოდა.
Bloomberg წერს, რომ ეს ევროპული სახელმწიფოს მიერ ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდის ბალტიის ზღვიდან უკან გაბრუნების პირველი შემთხვევაა, რამაც შესაძლოა, გახშირების შემთხვევაში, საფრთხე შეუქმნას მოსკოვს რეგიონიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის კუთხით

