ქვეყნის იმიჯი თუ ვინმემ დააზიანა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ ანუ რუსული რეჟიმი, რომელმაც სავარაუდოდ, ისტორიაში მეორედ, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, გამოიყენა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის დროს – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საჩივარზე BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით.
სიორიძის თქმით, არასწორია, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, მხოლოდ ვარაუდებზე იყო დაფუძნებული, ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც იმ დროიდანვე ჩამოიშალა, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რა ქიმიური შემადგენლობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო, თუნდაც თავისი ყველაზე გულუბრყვილო ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ქიმიური მოწამვლის საქმეში ის იყო სუფთა. მათ ჩაატარეს სპექტაკლი, სუს-ის ე.წ. 5 – დღიანი გამოძიება, რომელიც მიზნად ისახავდა არა სიმართლის დადგენას, არამედ სიმართლის დამალვას. საერთოდ, როდესაც საუბარია, სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულზე ამას თვითონ სახელმწიფო არ იძიებს, მითუმეტეს დღევანდელი ქართული სუს-ი, ამიტომ საზოგადოება სრულიად სამართლიანად ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას და საერთაშორისო ექსპერტიზას. „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ დიდ საერთაშორისო დავას იწყებდა BBC-სთან და ახლა აღმოჩნდა, რომ რაღაც ეთიკის საკითხზე აწარმოებს დავას. რეალური დავა, რომ წარმოებდეს საერთაშორისო სასამართლოში, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რით მოგვწამლეს 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს“ – განაცხადა სიორიძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის (ნოემბერ-დეკემბერს) მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი საქართველოს მმართველმა პარტიამ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. „ქართული ოცნება“ BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა, ხოლო თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ მიმართავენ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.

