აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ ქვეყანა დატოვონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ, – ამის შესახებ  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს, თუმცა სხვადასხვა მიზნით ვიზების გაცემა ჩვეულებრივად მოხდება.

„თქვენ ახლა უყურებთ ამერიკაში საიმიგრაციო მიმართულებით რა პოლიტიკა ტარდება. ფაქტობრივად, აშშ საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს. თქვენ იცით, რომ ტრამპმა შემოიღო ეს „ოქროს ბარათი”. თუ თქვენ გინდათ, რომ აშშ-ში ცხოვრების უფლება და ა.შ. მოიპოვოთ, იქ გარკვეულ მაღალ ფინანსურ ვალდებულებებზე არის საუბარი. ზოგადად, საემიგრაციო ვიზა რას ნიშნავს?! როდესაც მოქალაქე იძულებულია დატოვოს თავისი ქვეყანა. იძულების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ. რაც შეეხება სასწავლო მიზნით, ბიზნესის მიზნით, საქმიანი ურთიერთობის მიზნით თუ ტურისტული მიზნით ვიზებს, ეს ვიზები ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გაიცემოდა, ისეთივე წესით გაგრძელდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით 75 ქვეყნისთვის აჩერებს, რომელთა შორისაა საქართველოც. ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

ინფორმაციისთვის, პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

იტვირთბა....