Fox News სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რეგიონში, სულ მცირე, ერთ ავიამზიდს გზავნის.
ამერიკული ტელეარხის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ავიამზიდი გაიგზავნა ახლო აღმოსავლეთში – USS Abraham Lincoln, რომელიც ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოპერირებს, თუ ორიდან ერთ-ერთი ავიამზიდი, რომლებმაც მიმდინარე კვირაში ნორფოლკი და სან დიეგო დატოვეს.
წყაროების თქმით, მომდევნო დღეებსა და კვირებში ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან რეგიონში დამატებითი აშშ-ს სამხედრო ძალების შედინება დაიწყება, რათა პრეზიდენტ ტრამპს სამოქმედოდ სამხედრო ვარიანტები ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუკი ის ირანზე იერიშების მიტანის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ერთ-ერთმა წყარომ Fox News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ტრამპი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გადაწყვეტს, “ეს განსხვავებული, უფრო თავდასხმითი” იქნება.
ამასთან, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა Fox News-ს დაუდასტურეს, რომ ამჟამად რეგიონში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ქვეშ 30 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში ავიამზიდები ან ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი არ ოპერირებენ.

