მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ “ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
“ბიბისის“ როგორც საკუთარი თავისთვის დაწესებული, ასევე ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს მიერ განსაზღვრული არცერთი ძირითადი სტანდარტი არ დაუტოვებია დაურღვეველი. ეს არის მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, ფაქტებზე დაფუძნებული და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება და პასუხის უფლება. აბსოლუტური ტყუილები გავრცელდა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა „ქართულ ოცნებაზე“ თავდასხმას, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად სახელმწიფოზე.
ევროპული ქვეყნებიდან არაერთმა ბიუროკრატმა და საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა ეს სტატია და ფილმი გამოიყენეს საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მექანიზმი გამოყენებული იყოს. ტყუილი და სტანდარტების დარღვევა მხილებული იყოს ყველა შესაძლო საშუალებით. ჯერ არის მიმართვა „ბიბისის“ შიდა მაკონტროლებელში, შემდეგ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიურო და შემდეგ სასამართლო. „ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს ამ არაზუსტი, ტყუილის და პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის.
მოლოდინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას მოიხდის ბოდიშს თითოეულ იდენტიფიცირებულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა „ბიბისისთან“ დაკავშირებული პრაქტიკა განსხვავებულია. ხშირად არ არის ხოლმე , როდესაც დაზარალებულების ინტერესები დაცულია, ბოლო ხანებში განსაკუთრებით. თუმცა, მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც იმავეს გავაგრძელებთ“ – განაცხადა გორდულაძემ.

