აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

გერმანია გრენლანდიაში ჯარების მოწინავე ჯგუფს გაგზავნის – „ბილდი“

გერმანია გრენლანდიაში ჯარების მოწინავე ჯგუფს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში, ტერიტორიაზე გაიგზავნება ბუნდესვერის რამდენიმე პერსონალისგან შემდგარი მოწინავე ჯგუფი, რომლის მისიაც, შესაძლოა, 15 იანვარს დაიწყოს.

გავრცელებული ცნობით, ახლა ლოგისტიკოსები ევროკავშირის ერთობლივ სამხედრო მისიაში გერმანიის შეიარაღებული ძალების წვლილს აფასებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია გრენლანდიაში 13 ჯარისკაცს გაგზავნის, ქვეყნის მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ „როიტერს“ დაუდასტურა.

თავდაცვის უწყების განცხადებით, მისიის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შესაძლო სამხედრო წვლილის შესწავლაა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაციას „არქტიკული გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან. ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის გრენლანდიაში ჯარები შვედეთმა და ნორვეგიამაც გაგზავნეს. ტერიტორიაზე საკუთარი ჯარისკაცები გაგზავნა თავად დანიამაც.

ცნობისთვის, დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ, მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.

იტვირთბა....