მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკომ მის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ახლახან „ბატკივშინას“ პარტიის ოფისში ე.წ. სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონთან საერთო არაფერი აქვს. ოცდაათზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, შენობა დაიკავა და თანამშრომლები ფაქტობრივად მძევლად აიყვანა“, – წერს ტიმოშენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ტიმოშენკოს თქმით, მას ჩამოართვეს სამსახურის ტელეფონები, საპარლამენტო დოკუმენტაცია და პირადი დანაზოგი. მან ჩხრეკას „პოლიტიკური დაკვეთა“ უწოდა და ყველა ბრალდება უარყო.
„ყველა აბსურდულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ვიღაცამ კონკურენტების მოშორება გადაწყვიტა“, – წერს ტიმოშენკო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა იულია ტიმოშენკო ეჭვმიტანილად ცნეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

