ახალი ამბები მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი – პროკურორი

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი – აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განსაზღვრა.

[ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“ – აღნიშნა თათიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

იტვირთბა....