უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები განსახილველად უმაღლეს რადას წარუდგინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„პირველ რიგში, ყველას გვსურს ომის დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუქმდება საომარი მდგომარეობა – და ეს ერთადერთი გზაა” – განაცხადა ზელენსკიმ.
კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2026 წლის 3 თებერვლიდან კიდევ 90 დღით გაგრძელდება.
მისივე თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელია მანამ, სანამ ომი არ დასრულდება, ომი კი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს.
„საომარი მდგომარეობა მოიხსნება იმ მომენტში, როდესაც უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ეს ომი ნამდვილად არ დასრულდება; ჩვენ ვერ შევძლებთ მისი დასრულების აღიარებას, რადგან ასეთი მეზობლის მხრიდან აგრესიის განახლების რისკი დარჩება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

