ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. როგორც პრემიერმა თოქ-შოუების წამყვანებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე. კერძოდ, პრემიერის განცხადებით სისტემა მეტად უნდა იყოს მორგებული ადამიანების საჭიროებებსა და რესურსებზე.

„ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში კორექტირებას. ასეთი კორექტირება აუცილებელია ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის, იმისთვის რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული.

ეს კი ნიშნავს, იმას რომ ვისაც მეტი საჭიროება აქვს მიიღოს უფრო მეტი და თვითონ მოქალაქეებს ვისაც აქვთ ჯანდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობები შედარებით მწირი.

მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ ჯანდაცვას. მე პირადა ვსარგებლობ კერძო ჯანდაცვის პაკეტით.

ადამიანებს ვისაც აქვს საკმარისი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა“. – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილი  NDI-ის კვლევებსაც ეხმაურება  და აცხადებს, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი რეალობას არ ასახავს.

მისი თქმით, NDI მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში დიდი როლი აქვს.

„NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. კვლევას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანია, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი, ან მოცულობა კვლევის არ იყოს იმხელა რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. არ ვიტყოდი, რომ კვლევას არ ვენდობი, მასში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

თუმცა, არის მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებლთან მიმართებაში და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, რაც ეხება პიროვნებების პოპულარობას თუ არაპოპულარობას რეიტინგების მიხედვით. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შეიძლება რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ.

არის გარკვეული მაჩვენებლები კვლევაში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან რაც ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია”.-ამბობს კვირიკაშვილი.

 

იტვირთბა....