”ამჟამად, ყველაფერი კეთდება მოსახლეობისთვის გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ დღევანდელი დარტყმა ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.
“კიევსა და რეგიონებში მასშტაბური რუსული დარტყმის შედეგები კვლავ ზუსტდება. მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური. ოცი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დარტყმების შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები ასევე გრძელდება ლვოვის რეგიონში და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა მათ შორის, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ათობით ადამიანი დაშავდა. ასევე, მეორე დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაზე – ზუსტად იმ მომენტში, როდესაც პირველი დარტყმის შემდეგ პირველადი დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ.
საერთო ჯამში, გასულ ღამეს 242 დრონი იქნა გამოყენებული. ასევე 13 ბალისტიკური რაკეტა იყო მიმართული ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ერთი “ორეშნიკის” საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა. თავდასხმა ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც ძლიერი ყინვა იყო. ეს ყველაფერი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ არის მიმართული…”

