ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია – „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ – და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში დემონსტრაციები 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს და უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, HRANA-ს ინფორმაციით, დემონსტრაციებზე შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, ორი წევრი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.

