ვისაუბრეთ უკრაინის რეალურ შესაძლებლობებზე რუსული ტერორის წინაღმდეგ საბრძოლველად – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“დიპლომატია და რეალური დახმარება ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. რუსეთი არ წყვეტს ჩვენს ქვეყანაზე დარტყმებს და ახლა ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ჩვენი ხალხის, ჩვენი თემებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. საჰაერო თავდაცვის რაკეტების ყოველი მიწოდება სიცოცხლეს იხსნის და დიპლომატიის შანსებს ზრდის. სწორედ ამიტომ, ყველა შეხვედრამ უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგი – საჰაერო თავდაცვის ახალი გადაწყვეტილებები, ახალი დახმარების პაკეტები, ახალი შესაძლებლობები ცის დასაცავად.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს ჩვენ სწორედ ამაზე ვისაუბრეთ – უკრაინის რეალურ შესაძლებლობებზე რუსული ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენს თავდაცვაზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პოზიციები დიპლომატიაში. ასევე ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ დიპლომატიასა და ჩვენს ნაბიჯებზე. დღეს პარიზში არის მსურველთა კოალიციის ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრა: სახელმწიფოს მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მინისტრები და ელჩები. ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს.
გმადლობთ, ემანუელ, თქვენი ლიდერობისთვის და დახმარების სურვილისთვის. გმადლობთ ამ შეხვედრისთვის” – წერს უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს, თბილისის დროით 18:00 „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. პარიზში იმყოფებიან აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც – სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

