თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაის ცოლი დაკავებას არ გამორიცხავს – როგორც სახალხო დამცველის ოფისში მისულმა ანი ნადარეიშვილმა “პირველებთან” განაცხადა, ყოველდღე ელოდება, რომ მასაც დაადებენ ხელბორკილებს.
“ისეთი ხალხი უზით ციხეში, არ გამიკვირდება მეც რომ შევუერთდე” – ეუბნება ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი “ტვ პირველს”.
მისივე თქმით, მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, რადგან პროკურატურას მისთვის ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია, როცა ოფიციალური პროცედურა ბრალის წაყენებას 48 საათში ითვალისწინებს.
ნადარეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიაზე ამ საკითხით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის ბაჩოზე. ყოველდღე ველოდები დაკავებას, ისეთი ხალხი უზით ციხეში, არ გამიკვირდება მეც რომ შევუერთდე. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველანაირი სიგიჟე არის დასაშვები.
ჩემზე ბრალდებულის სტატუსი გამოირიცხა, იმიტომ, რომ 48 საათში თუ ბრალი არ წაგიყენეს, არ ხარ ბრალდებული. მოწმის სახით ვარ გამოკითხული. მე სუს-ში დამკითხეს, ბაჩო პროკურატურაში.
პროკურატურასთან მაქვს მოთხოვნა, გამცენ პასუხი რომელი კანონის და მუხლის მიხედვით მეზღუდება ადვოკატობა”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა
სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველი ელოდება დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს ამ წუთებში აპირებს.
ანი ნადარეიშვილმა, სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა. ადვოკატი მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლას ითხოვს.
ნადარეიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.

