ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ის სისტემაში დარჩება სპეციალური ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც მოწინააღმდეგეს მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს.

„მე ვტოვებ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას, თუმცა დავრჩები სისტემაში, რათა განვახორციელო მსოფლიო დონის სპეციალური ოპერაციები, რომლებიც მოწინააღმდეგეს მაქსიმალურ ზიანს მიაყენებენ“, – განაცხადა მალიუკმა.

​მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ძლიერი და თანამედროვე სადაზვერვო სამსახური უკრაინის უსაფრთხოების გასაღებია.

„ცვლილებები, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის სექტორში ახორციელებს, სწორედ ამისკენ არის მიმართული და მადლობას ვუხდი მას. მე მჯერა სამართლიანი სამყაროსი და უკრაინის კეთილდღეობის“, – აღნიშნა მალიუკმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზეკენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

„მადლობელი ვარ ვასილ მალიუკის მისი მუშაობისთვის, ოპერაციებისთვის, რომელთა ჩატარებაც მან იცის. სწორედ ამ ოპერაციებში იქნება ჩართული ვასილი მომავალში, ჩვენ მასთან განვიხილეთ ეს სამუშაო. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ასიმეტრიული ქმედებების სრული პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს უშიშროების სამსახურში. ევგენი ხმარა გამოცდილი ადამიანია, ეს არის ის, ვინც ახლა დროებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შეხვდა.

„ანდრეი სიბიგამ ანგარიში წარადგინა. მე მას დავავალე, მნიშვნელოვნად გააძლიეროს პარტნიორებთან ჩვენი ყველა შეთანხმების შესრულება. გასულმა წელმა უკრაინას ბევრი შეთანხმება, ბევრი დადებითი დოკუმენტი მისცა. თითოეული დოკუმენტის უკან უნდა იყოს – და იქნება – შედეგი ჩვენი სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....