ვენესუელაში აშშ-ის დანაშაულებს გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„კარაკასში აშშ-ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ს მიერ ვენესუელის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო აგრესიის აქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ნებენზიამ.
გაეროში რუსეთის ელჩმა აშშ-ს ნიკოლას მადუროს გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის ქმედებებმა შესაძლოა „კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის“ ახალ ეპოქას ჩაუყაროს საფუძველი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„თავდასხმა ვენესუელის ლიდერზე… გახდა იმის წინამორბედი, რომ ბრუნდება უკანონობისა და აშშ-ის მხრიდან ძალისმიერი დომინირების ეპოქა“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„ვაშინგტონი ქმნის ახალ იმპულსს ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმისთვის, რაც არაერთხელ და გადამწყვეტად იყო დაგმობილი და უარყოფილი ამ რეგიონის ხალხებისა და მთლიანად „გლობალური სამხრეთის“ მიერ“, – დასძინა მან.

