“ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რაოდენ წყალწაღებულია ოპოზიცია – ვენესუელაშიც კი ხავსს ეჭიდებიან! ვენესუელას არაღიარების პოლიტიკასთან შემოერთებაც კი, მათთვის მიუღებელია”- ეს განცხადება დღეს მედიასთან ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმითვე, ვენესუელაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესაბამისი იქნება.
„საკითხს ორი მხარე აქვს. ერთია, საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება. ამ მხრივ საქმე უარყოფითად არის. მეორე მხარეა, ის ფაქტობრივი მოცემულობა, რა პოლიტიკასაც აშშ-ი სამხრეთ ამერიკასთან და კონკრეტულად ვენესუელასთან დაკავშირებით ახორციელებს. სახეზე ეს ორი მოცემულობა გვაქვს.
ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ჩვენი რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესაბამისი იქნება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე ვენესუელას ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება უკან იყოს წაღებული. ვენესუელისგან ამ კონკრეტულ შედეგს ველით და როდესაც გარდამავალი პერიოდი დასრულდება, ჩვენ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.
ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რაოდენ წყალწაღებულია ოპოზიცია – ვენესუელაშიც კი ხავსს ეჭიდებიან! მათ შორის ვენესუელას არაღიარების პოლიტიკასთან შემოერთებაც კი, მათთვის მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძემ სავსებით გამართული და სწორი პოზიცია დააფიქსირა, რაც ყველასთვის მისაღებული უნდა ყოფილიყო, რადგან კონკრეტულად არაღიარების პოლიტიკას ეხებოდა, ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საგანი გახდა“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

