კუბის პრეზიდენტმა, მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერმა მიგელ დიას-კანელმა 5 და 6 იანვარი ეროვნული გლოვის დღეებად გამოაცხადა ვენესუელაში კუბის მოქალაქეების დაღუპვის გამო.
კუბის მთავრობის განცხადებით, ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 კუბელი, რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებდნენ მისიას ვენესუელის შესაბამისი ორგანოების თხოვნით.
რა მისიას, კუბის კომუნისტურ მთავრობას არ დაუკონკრეტებია. მისი ოფიციალური განცხადების მიხედვით, კუბელები „აგრესიის დანაშაულებრივ აქტსა და სახელმწიფო ტერორიზმს“ ემსხვერპლნენ როგორც ამერიკელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ისე ობიექტებზე დარტყმების შედეგად.
Reuters-ის ცნობით, კუბა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 4 იანვარს განუცხადა, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციისას მოკლულია ბევრი კუბელი და, რომ კუბის მთავრობაც სავარაუდოდ, დაეცემა, რადგან მხოლოდ ვენესუელის წყალობით არსებობს.

