ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ, ქართველი პოლიტიკოსებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვენესუელასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადებები რეალობის იგნორირების მცდელობად შეაფასა – ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზური მედიის Telegram-არხებში ვრცელდება.
“აფხაზეთის სუვერენიტეტი ხალხის ნებაზეა დაფუძნებული და არ ექვემდებარება გადახედვას და სხვა ქვეყნების მიერ რესპუბლიკის აღიარება მათი სუვერენული უფლებაა. საერთაშორისო აღიარება თავისთავად არ არის მიზანი: შიდა სტაბილურობა, ეკონომიკა და უსაფრთხოება პრიორიტეტად რჩება. თუმცა, რუსეთის მხარდაჭერა მხოლოდ აძლიერებს რეგიონს, მისი მოქალაქეების ნების ჩანაცვლების გარეშე. სოხუმი თბილისთან დიალოგისთვის მზადაა მხოლოდ თანასწორობისა და არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპების საფუძველზე” – თქვა მან.
აშშ-ს მიერ ვენესუელაში ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 4 იანვარს გამოაქვეყნა და გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების [აფხაზეთი და ცხინვალი] აღიარების გაუქმებას გამოიწვევს.
განცხადებაში ვკითხულობთ:
“ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“ | აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

