ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, რომელიც აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მსოფლიოს და აშშ-ს მიმართა. ვაშინგტონის მიმართ როდრიგესის ტონი შეცვლილია.
სოციალური ქსელებით 4 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში როდრიგესი ვენესუელის სახელით ადასტურებს ერთგულებას მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი და აცხადებს, რომ ვენესუელის მისწრაფებაა იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე, პატივისცემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
4 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Atlantic-ს განუცხადა, რომ თუ დელსი როდრიგესი აშშ-თან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს ძვირად დაუჯდება.
3 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა.

