ვენესუელის თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვლადიმირ პადრინო აცხადებს, რომ ვენესუელა უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნას წინააღმდეგობას გაუწევს.
პადრინოს თქმით, აშშ-ის მიერ ქვეყანაზე “განხორციელებული თავდასხმა” მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს და ვენესუელა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
ამავე განცხადებაში მან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაცვის რაზმის დიდი ნაწილი დაიღუპა აშშ-ის მიერ 3 იანვარს მოწყობილი ოპერაციის დროს, რომლის შედეგადაც ვენესუელის ყოფილი მმართველი დააკავეს. პადრინომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. სატელევიზიო მიმართვისას ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არმია მხარს უჭერს ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესის მიერ პრეზიდენტის მოვალეობების დროებით შესრულებას.
დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-მ წარმატებით მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. მადუროს აშშ-ში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე გაასამართლებენ. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 5 იანვარს გამართავს სხდომას ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის გამო. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის ნაბიჯს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.
იტვირთბა....

