ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ კიევი უარს იტყვის არსებით საუბარში ჩართვაზე ჩვენი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით მივაღწევთ ” – ვლადიმერ პუტინი

თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, რუსეთი ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“- აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ მიზნების მიღწევის კუთხით. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყნის არმიამ 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი „გაათავისუფლა“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული ძალების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია.

„რა თქმა უნდა, სტრატეგიული ბირთვული ძალების გაუმჯობესება ჩვენთვის პრიორიტეტულია. როგორც ადრე, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ აგრესორის შეკავებასა და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნებაში“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უეკიპაჟო წყალქვეშა ხომალდი „პოსეიდონი“ რუსეთის სტრატეგიულ პარიტეტსა და უსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უეკიპაჟო წყალქვეშა ხომალდი „პოსეიდონი“ წარმატებით გამოსცადეს. ეს სისტემები დიდი ხნის განმავლობაში უნიკალური და განუმეორებელი დარჩება. ისინი ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფენ სტრატეგიულ პარიტეტს, უსაფრთხოებას და რუსეთის გლობალურ პოზიციას“ – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს.

„ევროპაში ხალხს თავებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით უჭედავენ, თითქოს დიდი ომისთვის უნდა მოემზადონ. არაერთხელ მითქვამს, ეს ტყუილია, სრული აბსურდია“- განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....