როცა მოწოდებებია: „ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ“ – რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ „გაუქმებულია, გაუქმებულია“ და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში – გააუქმონ სახელმწიფო. რისთვის არის ან ხელისუფლება, ან არჩევნები, ან პარლამენტი? ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ , ლევან მახაშვილმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროპაგანდაა, როცა “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებ ადამიანებს, რომლებიც “სახელმწიფო წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს თავს ესხმიან, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“ და დამხობის მცდელობებს ახორციელებენ.”
“არამხოლოდ ცარიელი ბრალდებები, არამედ ხშირად ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა, როცა “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებ ადამიანებს, რომლების სახელმწიფო წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს თავს ესხმიან, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, დამხობის მცდელობებს ახორციელებენ. თავიანთ ქვეყანაში, ვინ გაბედავს პრეზიდენტის სასახლეში შევარდნის დაორგანიზებასაც კი? აბა, ვინმემ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წინმსწრებად გაბედოს განცხადების გაკეთება, რომ დამხობას აპირებს – თავ-პირს დაამტვრევენ! ვინ გაბედავს იმის მეათედს მაინც ევროკავშირის ქვეყანაში, რაც აქ 4 ოქტომბერს სცადეს? ამიტომ, სრულიად აბსურდულია ეს განცხადებები ე.წ პოლიტპატიმრებზე, ადამიანებზე, რომლებიც პოლიციელებს ურტყამენ და პარლამენტის შენობას წვავენ. ეს არის ცარიელი, პოლიტიკური, პროპაგანდისტული მესიჯები, რომლის უკანაც კონკრეტული მიზანია და მტკიცებულებასა და დასაბუთებაზე საუბარი ზედმეტია. როცა მოწოდებებია – ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთო – რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ “გაუქმებულია, გაუქმებულია” და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში. მაშინ გააუქმონ სახელმწიფო. რისთვის არის ან ხელისუფლება, ან არჩევნები, ან პარლამენტი? ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ – როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.

