ევროპა ძლიერია და უკრაინის გარშემო გაერთიანებულია – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
“მე ვხედავ ძლიერ ევროპას, გაერთიანებულს უკრაინისა და თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი უძველესი ღირებულებების გარშემო. ყოველთვის დავიცავ ამ თავისუფლებებს“ – ასე უპასუხა პრემიერმა ბრიტანელი კანონმდებლის შეკითხვას, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია აშშ-ის სურვილი, რომ ევროპამ ცივილიზაციური თავდაჯერებულობა დაიბრუნოს.
“თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში

