აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მიიღებს ყველა დოკუმენტს და სრულ ინფორმაციას ამერიკელებთან დიალოგის შესახებ –  რუსტემ უმეროვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან გასულ კვირაში გამართული დიალოგის შესახებ და ყველა დოკუმენტს.

ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა დღეს, 8 დეკემბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ცოტა იმედგაცრუებულია, რომ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს“.

ტრამპის განცხადება მოჰყვა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მაიამიში 4-6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი.

უმეროვმა დღეს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ის და ჰნატოვი აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან და მადლობას უხდის კონსტრუქციული მუშაობისთვის.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განმარტებით, უპირველესი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია მოსკოვში მათი საუბრის შესახებ და „აქტუალური წინადადებების ყველა დრაფტი“, რათა ისინი დეტალურად განიხილონ უკრაინის პრეზიდენტთან.

უმეროვის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან დიალოგის ყველა ასპექტის შესახებ და ყველა დოკუმენტს.

უკრაინის დელეგაციასთან მაიამიში შეხვედრამდე, 2 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი კრემლში შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.

იტვირთბა....