აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ახლად დაწესებული ჯილდო, FIFA-ს მსოფლიო პრემია გადასცა. ინფანტინოს თქმით, ტრამპმა ჯილდო “მსოფლიოს გარშემო მშვიდობისა და ერთობის მხარდაჭერისთვის” დაიმსახურა.
ოქროს თასთან ერთად ტრამპს მედალი და სერტიფიკატი გადასცეს. ორგანიზატორებმა დაჯილდოებამდე ვიდეო წარადგინეს, რომელიც ტრამპის მხრიდან ღაზასა და უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევას ეხებოდა.
ცერემონიაზე ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევით “ათობით მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა” და “ომები მანამდე შეაჩერა, სანამ დაიწყებოდა”.
“ეს ჩემს ცხოვრებაში მართლაც ერთ-ერთი უდიდესი პატივია”. – თქვა ტრამპმა.
გასულ თვეს FIFA-მ ახალი პრიზის, FIFA-ს მშვიდობის პრემიის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლითაც “დაჯილდოვდებიან პირები, რომლებმაც მშვიდობისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ნაბიჯები გადადგეს”.
დაჯილდოების შემდეგ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან და კანადის პრემიერთან, მარკ კარნისთან ერთად წილისყრის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მომავალ წელს 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩატარდება, აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

