“ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში თუნდაც, სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძორაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა “TV პირველთან” საუბრისას განაცხადა.
პეტრეცისკარიშვილის თქმით, მათ სჭირდებათ შესაბამისი არენა იმისათვის,რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადაიყვანონ და ამის შემდეგ ვისთან და როგორ ითანამშრომლებენ ამას დრო აჩვენებს.
“ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში თუნდაც, სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისათვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად, მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება თუ რა ფორმატით ვისთან, როგორ, ვინ თანამშრომლობს. [როდის იქნება] ამას დრო გვიჩვენებს, შეიძლება რამდენიმე კვირაშიო ან თვეში. გასულ წელს [კოალიცია ცვლილებისთვის] ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, ენმ-ს ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე. ჩვენი მიზანი აქედან გამომდინარე იყო – ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე, რადგან ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამაზე არ დაგვთანხმდა, ყველამ ცალ-ცალკე ვიასპარეზეთ, რამაც ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, კოალიცია ცვლილებისვის დაკავებულმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციიდან ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, [სავარაუდოდ, სააკაშვილი], ივანიშვილთან გარიგებული და გაყიდული უწოდა, რასაც პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი დაეთანხმა. მელიას თქმით, იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც მას ივანიშვილთან გარიგებაში სდებს ბრალს შეუძლებელია. ამავე განცხადებაში მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ბრალმდებლის გვერდში მას ერთ ჰექტარზეც კი ვერავინ ვერასდროს ნახავს.

