“უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰანკა სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან ვესაუბრე ჩემს კარგ კოლეგას, ანდრეი სიბიგას. ესტონეთი მტკიცე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. რუსეთს თავის მიზნები არ შეუცვლია, ის კვლავ აგრძელებს მთელი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ზეწოლა აგრესორზე და ურყევი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას. უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.

