“აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს” – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს. ამ გეგმის მიხედვით კი რუსეთ-უკრაინის ომი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს Financial Time-ს წერს, რომ შეერთებული შტატები ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოითხოვს, მადლიერების დღემდე ანუ 27 ნოემბრამდე სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28 პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.

