გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ და ითხოვენ, ხაბეიშვილს პაემნისა და სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა მოეხსნას. მათ აღნიშნული მოთხოვნით უწყებაში განცხადებაც შეიტანეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით – “ბავშვის საუკეთესო ინტერესი გათელეს”, “მამასთან შეხვედრა ჩვენი უფლებაა”, “პატარა ხაბეებს აჩვენეთ მამა” და ა.შ.
შეგახსენებთ, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

