საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალ ქსელში აქვეყნებს.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა “სი-130”-მა, იგივე ჰერკულესმა. “ფლაი რადარის” მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

