PACE-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტული ინსტრუმენტებზე, რომ მაქსიმალური სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე, ამ რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“ყველას ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია, რომელსაც ის ორი მომხსენებელი წარმოადგენს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან. ეს არის მოწოდება რუსული რეჟიმის მიმართ, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს. ეს არის ასევე, იმის აღიარება, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასი. რა თქმა უნდა, ამ თემაზე იყო საუბარი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე.
ჩვენი მხრივ, გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, ასევე, საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ არის, როგორიცაა, სახელმწიფოთა შორის სარჩელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ასევე, ანტიკორუფციული კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედება იმისთვის, რომ მაქსიმალური სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე ამ რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად და საბოლოოდ დასამარცხებლად” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

