ძლიერი ტაიფუნის, „ფუნგ-ვონგის“ მიახლოების გამო ფილიპინებში მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „ფუნგ-ვონგი“, რომელიც 9 ნოემბრის დილით სუპერტაიფუნად გადაიქცა, დღის ბოლოს ან 10 ნოემბერს გამთენიისას ჩრდილოეთ პროვინცია ავრორას დაატყდება თავს. ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.
ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში სკოლები და სამთავრობო უწყებების უმეტესობა 11 ნოემბრამდე დაიხურა, ხოლო, სულ მცირე, 325 შიდა და 61 საერთაშორისო რეისი გაუქმდა. ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა აღმოსავლეთ პროვინციების ზოგიერთ ნაწილში, ხოლო გემებს აეკრძალათ ზღვაში შესვლა, მინიმუმ, 109 საზღვაო პორტიდან.
ფილიპინები კიდევ ერთი ძლიერი ტაიფუნის, „კალმაეგისგან“ მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელმაც ცენტრალურ პროვინციებში წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი იმსხვერპლა.

