ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი, პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
დათუნაშვილის შეფასებით, ეს არის ივანიშვილის მიერ საქართველოში დიქტატურის საბოლოოდ გაფორმების კიდევ ერთი მცდელობა.
“ის ცდილობს ველიდან გააქროს პოლიტიკოსები და სრულიად მოკლას პოლიტიკური პროცესი!
ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს – ზღაპრებს, ყველა სიტყვა ბრალდების არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.
ეს არის დანაშაული, რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს!
ივანიშვილის ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ამით ჩვენი ბრძოლა გაანეიტრალოს.
ივანიშვილის „რუსულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერ მოახერხა ვერაფრით. სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის იმედი აქვს, რასაც პარტიების აკრძალვა ქვია – ამიტომ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა!
ვერც ერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით!“ – განაცხადა დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

