ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხეები – პროფესორ ცირა ბარამიძის შეფასება

16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც სფეროს სპეციალისტებისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა.

კონცეფციის თანახმად, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11-წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფესორ ცირა ბარამიძის სტატიას გთავაზობთ:

განათლების „რეფორმატორის“ „ნოხთა პირსა“ მდგომნი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხეები

ქართული სახელმწიფოს სამათასწლოვანი ისტორიიდან ცნობილია, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის განათლების სისტემა, როგორც სახელმწიფოს ბალავარი. აკადემიური სწავლებისა და კვლევის ათასწლოვანი გამოცდილებიდან (გელათის აკადემია – მეორე ათინად წოდებული, იყალთოს აკადემია…) მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველომ რუსეთის იმპერიიდან დახსნის უპირველეს გზად ქართული უნივერსიტეტი „შვა“, როგორც პირმშო და წინამორბედი დამოუკიდებელი პირველი რესპუბლიკისა (თბილისის უნივერსიტეტი). ბევრი იყო მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით იმპერიის შუაგულიდან (მაგალითად, ნიკო მარი), რომ კავკასიის გულში ეროვნულ ენაზე სწავლება და კვლევა დაწყებულიყო; მიუხედავად ამისა, 1918 წელს დიდი მეფის, დავითის, ხსენების დღეს პირველმა სტუდენტმა შეაღო კარი ქართულ აუდიტორიაში და მე-19 საუკუნის რუსიფიკაციას წერტილი ოფიციალურად დაუსვა… უნივერსიტეტი იყო ავტონომიური, ის არ იყო სახელმწიფო სტატუსის მქონე. უნივერსიტეტი, როგორც ეროვნული განათლების კერა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ინსტიტუცია საქართველოს სოვეტიზაციის შემდეგ მიტაცებულ იქნა საბჭოთა სახელმწიფოს მიერ; მისი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი გაძევებულ იქნა უნივერსიტეტიდან 1926 წელს, მანამდე ბერბიჭაშვილმა 1921 წელს ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში არ შეუშვა… დაიწყო განათლების სოვეტიზაცია, ბოლშევიკების იდეოლოგიური პარადოქსების მიუხედავად, ქართული განათლების კერა ახერხებდა, შეენარჩუნებინა ძირითადი სამეცნიერო დარგები, გაეგრძელებინა კვლევა და სწავლება; იყო რეპრესიები და წითელი რექტორები. სამწუხაროდ, მათი ფოტოები დღეს გამოფენილია თსუ-ში სხვა რექტორებთან თანაბარ პოზიციაში; ძალზე სიმპტომურია ეს. არანაირი პროტესტი ამას არ მოჰყოლია. ჩვენმა მოძღვრებმა, მეცნიერებმა საბჭოთა ტერორის დროსაც მოახერხეს – დაეფუძნებინათ დარგები, შეენახათ ცოდნა, შეექმნათ ახალი ცოდნა და გადაეცათ ის თაობიდან თაობაში. კიდევ ერთი სიმპტომი იყო და არის საუნივერსიტეტო სივრცეში – მთავარი პერსონაჟი არის „შიში“, შიში ზემდგომის მიმართ, რადგან 1926 წლიდან „თბილისის უნივერსიტეტი“ გახდა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შესაბამისად, მის ბედს წყვეტდა არა თავად უნივერსიტეტი, არამედ საბჭოთა საქართველოს განათლების კომისარი ან მინისტრი. სტალინის სახელსაც ატარებდა უნივერსიტეტი; მხოლოდ გვიან – ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე გახდა შესაძლებელი, უნივერსიტეტს მინიჭებოდა მისი დამაარსებლის – ივ. ჯავახიშვილის სახელი და ამით ეთქვა, რომ უნივერსიტეტის ფუნქციაა – იყოს ქართველი ერის ავთენტურობის სადარაჯოზე, მისი ენისა და კულტურის, სრულიად კავკასიის მკვლევარი და მასწავლებელი, იყოს მოწინავე საბუნებისმეტყველო დარგებისა თუ სამართლის შესახებ მეცნიერების განვითარებაში. უნივერსიტეტი იყო გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეური გენერატორი… დღეს, როცა სახელმწიფოებრიობაც საფრთხეშია და განათლების სისტემის დემონტაჟი ცხვირწინ გვიდგას, სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმის დროს შემუშავებული „შიშის“ სინდრომით ვდუმვართ და მხოლოდ ურთიერთგადაჩურჩულებით შემოვიფარგლებით, აქაოდა, იმ მავანმა „რეფორმატორმა“ ყური არ მოჰკრას ჩვენს უკმაყოფილებას, თორემ მას აქვს ინსტრუმენტები სამოქმედოდ… პოსტსაბჭოთა განათლების სისტემის სვლა ამ სისტემის ავტონომიურობისაკენ, ჩემი აზრით, არ განხორციელებულა; მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რეფორმები ქართული განათლების სისტემის ევროპეიზაციის პრინციპით. რეფორმები იყო დადებითი შედეგის მომტანი და წარმატებული, თუმცა მახსოვს ამ გზაზე არაერთი გადაცდომა და ტკივილიანი გადაწყვეტილებები (მაგალითად, 240 ლარიან ემერიტუსად გაშვებული 13 ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან, სხვა ფაკულტეტებიდანაც, 24000 საათი მოსაწვევი ეკონომიკის ფაკულტეტიდან, რადგან იმ კონკურსში 15 ვაკანსია დატოვეს, თუმცა იგივე პროფესურა მოიწვიეს ლექციების წასაკითხად… ). დიახ, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზი – სახელმწიფოს ჩარევა საგანმანათლებლო სისტემის მართვაში, სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის „გაყინული“ აქტივების გაყიდვა, პერიფერიებში უნივერსიტეტების დახურვა, ნაცვლად მისი განვითარებისა, აქაოდა, იქ კორუფცია ყვავისო და ბავშვის ნაბან წყალს ბავშვიც გადაყოლეს… მოკლედ, სახელმწიფო, როგორც ზემდგომი, განკარგავდა განათლების სისტემას თავად ამ სისტემის წარმომადგენლებთან შეთანხმების გარეშე, განათლების სისტემას მხოლოდ დათანხმება ევალებოდა. მაგრამ სახელმწიფოს გეზი აღებული ჰქონდა ევროინტეგრაციისაკენ და ახდენდა შესაბამის საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მის ოპტიმიზაციას, სინქრონიზაციას, რასაც უზრუნველყოფთა ბოლონიის პროცესთან მიერთება; შესაბამისად, საქართველოში გაცემული დიპლომომის აღირება და სწავლის გაგრძელება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უპრობლემოდ ხორციელდებოდა და გაგრძელდება, ვიდრე ეს ე.წ. რეფორმა ამოქმედდება.
დაანონსებული რეფორმის განხილვამდე, როგორც ხედავთ, განათლების თვისობრივ მხარეებზე ვსაუბრობ, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ ეს განსაზღვრავს განათლების სისტემის მდგომარეობასა და მომავალს. თუ სადმე დამარცხდა კორუფცია, ეს განათლების სისტემა იყო, თუ სადმე იყო წინსვლა ევროპული სტანდარტებით, ეს განათლების სისტემა იყო, რადგან გეზი და ორიენტაცია იყო სწორი – საქართველოს საგანმანათლებლო ათასწლოვანი სისტემა, თავისი ბუნებით ევროპული და ერთ-ერთი პირველი ევროპული (გელათი – მეორე ათინა…) უბრუნდებოდა თავის ბუნებრივ წიაღს ორსაუკუნოვანი რუსიფიკაციის მარწუხებიდან თავის დაღწევით. მიუხედავად ამისა, არსებობდა და არსებობს დღესაც ისეთი პარადოქსული „მექანიკური ქორწინება“, როგორიც მეცნიერებათა აკადემიის 18 კვლევითი ინსტიტუციის შემოერთება იყო უნივერსიტეტისთვის. ამ სისტემის ფუნქციონირების მოშლა ეროვნული კვლევითი ფონდის დაარსებამაც ვერ ამოავსო. ამ სისტემას დღეს ბევრი პრობლემა აქვს. ეს ადასტურებს, რომ რეფორმები საჭიროა, რეფორმები და არა დეფორმაცია და დესტრუქცია, რის კლასიკურ ნიმუშსაც დაანონსებული „რეფორმა“ წარმოადგენს.
განათლების სისტემის მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ამ სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციაა. სამწუხაროდ, ეს გრძელდება უკვე ათწლეულებია. დამოუკიდებელი საქართველო ცდილობდა განათლების სისტემა „ჩაეხსნა“ ძველი, საბჭოური, რუსული სისტემიდან; ახერხებდა კიდეც, მაგრამ ამისთვის ის იყენებდა ზოგჯერ სრულიად გაუმართლებელ მეთოდებს (მაგალითად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ცვლილება განათლების კანონში, რათა სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის არმქონე პირი დაენიშნა („აერჩია“) რექტორად; შეეტანა ცვლილებები კანონში კანონით დადგენილი ბენეფიციარებთან განხილვის გარეშე, ძალოვანების შემოყვანა რიგი ძალების „გასანეიტრალებლად“ უნივერსიტეტში… მოკლედ, ეს ცვლილებები კი არა, დირექტივები იყო და განათლების სისტემას მხოლოდ მორჩილება ევალებოდა – უნდა შეესრულებინა დირექტივა. ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან დაახლოვება ხდებოდა ხშირად არააკადემიური ხერხებით, ან კიდევ სხვა მეთოდებით, მაგრამ გაცხადებული მიზანი იყო პროევროპულად განწყობილი პროფესურისა და მასწავლებლების მიღება, ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან აფილირებული ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, მაგრამ მთავარი – განათლების სისტემის ავტონომიურობა – არ იდგა დღის წესრიგში. არც პროფესურის, მათი გადმონაშთის სახით არსებული მენტალობისა და „მორჩილების“ ხარისხის სწრაფი შეცვლა აღმოჩნდა შესაძლებელი…
ცხადი იყო, რომ ქვეყნის გაცხადებული ევროატლანტიკური კურსისთვის საგანმანათლებლო სისტემასაც უნდა აება მხარი და რიგ შემთხვევაში მეწინავეც უნდა ყოფილიყო (მაგ., ნატოს გენერალური მდივანი სტუმრად უნივერსიტეტში… ან სხვა მაღალი რანგის სტუმარი). მოკლედ, ვერავინ უარყოფთა, რომ განათლების სისტემის სამივე საფეხურს (სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი) გეოპოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და განათლების კანონი სინქრონიაში მოდიოდა განათლების დასავლურ სისტემასთან. ამგვარად, არსებობდა განათლების პოლიტიკა და, ნაწილობრივ, პოლიტიზირებული განათლება. ეს მეორე მხოლოდ უარყოფითად შემიძლია შევაფასო. მაგრამ იყო სვლა განათლების ავტონომიურობისაკენ, რის ნიშან-წყალსაც წარმოადგენდა უნივერსიტეტისათვის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის ცვლა (სსიპ-ი >>> ააიპ-ი). კანონში გარდამავალ დებულებად შეტანილი „რეგენტთა საბჭო“ შედგებოდა ძირითადად სამინისტროების წარმომადგენელთაგან და ის კურირებდა უნივერსიტეტების აქტივების ბედს: შენარჩუნებას, გაყიდვას; მაგრამ იქვე კანონში იყო 2 მუხლი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს აძლევდა შესაძლებლობას – თავად ემართა თავისი თავი – შემოსავლები და აქტივები; ამის შემდგომ გარდამავალი „რეგენტთა საბჭო“ ფუნქციას ამოწურავდა და გაუქმდებოდა; ხოლო უნივერსიტეტი იქნებოდა დამოუკიდებელი, ავტონომიური სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმითაც და, რეალურადაც. ეს ყველაფერი პროფესურის გამბედაობასა და გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. მაშინდელ ხელისუფლებას ვერც კი წარმოედგინა, რომ 2012 წელს არჩევნებს წააგებდა და მშვიდობიანად მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა; მაგრამ ეს მოხდა. თსუ-მ მხოლოდ წელიწადნახევარი მოასწრო ამგვარი მართვის განხორციელება (2011-2013); მაშინდელი აკადემიური საბჭოები ფორმირდებოდა დაგეგმილი „არჩევითობით“, ამიტომ ყველა დირექტივა ზემოდან უპრობლემოდ იყო მიღებული და გატარებული, მაგ., სიღნაღის უნივერსიტეტის დახურვა; მაგ., სენატმა თსუ-ში „აირჩია“ ქება-დიდებით კანცლერი და იგივე კანცლერი იმავე სენატმა უსიტყვოდ „გადაირჩია“ ორ თვეში; კითხვა დავსვი – ან რატომ ავირჩიეთ, ან რა დააშავა ამ ორ თვეში, რომ უნდა „გადავირჩიოთ“… იყო რაღაც, რაც სენატის წევრებამდე არ მოდიოდა, მაგრამ სენატიცა და აკადემიური საბჭოც უსიტყვოდ ემორჩილებოდა „ამ რაღაცას ზემოდან“. ეს იყო და არის დღესაც, სამწუხაროდ, რეალობა. მაგრამ ბოლონიის პროცესისა და თავისუფალი უნივერსიტეტების არსებობის შეჩერება არ შეეძლო არც კანონს და არც ხელისუფლებას. უნივერსიტეტების სიმრავლემ ნამდვილად შეძლო მთავარი – მიეღო ახალი თაობა, თავისუფალი სტერეოტიპებისაგან, თავისუფალი ზემოქმედებისაგან, პროევროპულად განწყობილი და ამ იდეისათვის მებრძოლი.
ვფიქრობ, გამოვკვეთე მოკლედ, რომ განათლების პოლიტიკის ნაცვლად არსებობდა და არსებობს პოლიტიზირებული განათლების სისტემა სამივე საფეხურზე; ყველა პრობლემა გამომდინარეობს სწორედ ამ პოზიციიდან, რაც აკადემიური თავისუფლების შემზღუდავია და ხელს უშლის განათლების სისტემის სრულყოფას. ასევე ნათელია, რომ ხელისუფლების ცვლა „ზემოქმედებს“ განათლების სისტემაზე და კიდევ უფრო მეტიც, თუ ეს ხელისუფლება ცვლის ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს (2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება) დეკლარირებულად, ამხელსა და ცხადს ხდის 13 წლის განმავლობაში თავის ჩუმჩუმალა მოქმედებებს ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანის წინააღმდეგ, მიჰყავს ქვეყანა ევრაზიული ნეოკოლონიალისტური კავშირისკენ ევროკავშირის ნაცვლად და ამას ადასტურებს არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ ქმედებებითაც, მაშინ „ლოგიურია“ – ევროპული განათლების მოდელი არათავსებადია რუსული განათლების მოდელთან, რუსეთის (რომლის „საზღვრები არ მთავრდება არსად…“) ინტერესებთან „რუსეთის თანამედროვე სამხრეთში“ ანუ კავკასიაში და ის თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს სამხრეთ კავკასიასაც. ამიტომ რუსეთის გაცხადებული მიზანი თანხვედრაშია ი. კობახიძის მიერ გაცხადებულ „რეფორმასთან“ – მივიღოთ ისეთი განათლების სისტემა, სადაც დამპყრობელისადმი ჩამოყალიბდება კიდევ ერთხელ და სამუდამოდ „მხსნელის“ დამოკიდებულება. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა რუსული რბილი ძალის განხორციელება განათლების სისტემაში, რუსეთის ჰუმანიტარად წარმოჩენა (აკი დააცვევინეს კიდეც დიპლომი 2020 წელს თსუ-ში „რუსეთის ჰუმანიტარული პროექტები სამხრეთ კავკასიაში“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად; ამის შემოქმედი „პროფესორები“ დღეს ისევ აუდიტორიაში შედიან და ტირაჟირებენ ევროპის „გახრწნილებას“, ევროპის დემონიზაციას, როგორ „ვუყვარვართ პუტინს“, აფხაზეთის ისტორიას ცალკე საგნად… აღარ გავაგრძელებ…); ჩვენი ახალგაზრდები უნდა გავაგზავნოთ (დასაწყისისთვის 600 სტუდენტი იკმარებს სამხრეთ კავკასიიდან) „ჰუმანიტარ“ რუსეთში სასწავლებლად, სრულიად უფასოდ, ეს მხარდაჭერილი იქნება ამ ჰუმანიტარის მიერ… ვფიქრობ, აღარ საჭიროებს გაგრძელებას არც ის, რომ საქართველოში 60-ზე მეტი რუსული ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა. ჰოდა, რუსიფიკაციის გზაზე ხელისშემშლელია თანამედროვე ახალგაზრდა თაობა, მოსეს თაობა, თავისუფლებაში დაბადებული და მათი აღმზრდელი ინსტიტუციები, უნივერსიტეტები, პროფესორები, რომელთაც არ სჯერათ ოკუპანტის ჰუმანიტარობა და ამ „ურწმუნობის“ ფასად სამაგალითოდ ისჯებიან…
ცხადია, საქართველოს კიდევ ერთხელ, საუკუნის შემდგომ და ორი საუკუნის შემდგომაც რუსიფიკაციის გზაზე საჭიროა განეიტრალებული პროფესურა, „ტვინების რეცხვა“ ახალგაზრდებისთვის, გეოპოლიტიკისა და ცივილიზაციური არჩევანის „გენიტალიებამდე“ და სექსუალურ ორიენტაციამდე დაყვანა, ეროვნულობის დაკარგვისა და იდენტობის დაკარგვის შიშის დათესვა, ომის გაუკუღმართებული პროპაგანდა… ოღონდ ამისთვის არ კმარა საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მიერ წარმოებული მედია-პროპაგანდა, საჭიროა განათლების სისტემის რუსიფიკაცია სამივე საფეხურზე: ბაღის გამგეებისა და სკოლის დირექტორების „არჩევა“ – დანიშვნა არა მათი კომპეტენციების მიხედვით, არამედ პოლიტიკური მორჩილების ნიშნით, რექტორების „არჩევა“ – პორტირება პოლიტიკური ლოიალობით აღმასრულებელი სექტორიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მასწავლებლებისა და პროფესურის „კონკურსები“ ამავე ნიშნით… ამ „დიადი“ მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორედ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა და პროგრამები, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იქნება რუსულ ინტერესებთან; აკი, ამოიღეს კიდეც მისაღები გამოცდების ნუსხიდან – ისტორიისა და ქართული ლიტერატურის საკითხებიდან სწორედ შეთქმულებები და ისეთი ნაწარმოებები, სადაც მხილებულია რუსეთის იმპერიის სისასტიკე და საშიშობა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერისათვის. ამ ფაქტს არ მოჰყოლია მკვეთრი რეაქცია; ჩემი ორგზის მცდელობაც – ფაკულტეტის საბჭოს გაეპროტესტებინა და ემოქმედა, უშედეგოდ დამთავრდა; ჩემ წინ ყრუ და მდუმარე, მორჩილი და მყიფე კედელი იდგა – დარგის სპეციალისტები არ რეაგირებდნენ ამ მეტად სიმპტომურ საკითხზე.
დიახ, დუმილი და მორჩილება უკვე მიღწეულია. ეს ადრევე იყო მიღწეული, როცა განათლების სისტემით დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ 2013-ში „მუშაობა“ – მაშინდელი პრემიერის პირველი ბრძანება 2013 წლის 29 ივლისს შეეხებოდა უნივერსიტეტებისთვის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შეცვლას. ამავე წლის 16 აგვისტოს (რექტორის არჩევნებისთვის „შესაფერისი“ სეზონია) ახლად არჩეულ რექტორს 19 აგვისტოს მივმართე – 29 აგვისტომდე გვქონდა ვადა, გაგვესაჩივრებინა პრემიერის ბრანებულება – ადმინისტრაციული აქტი და ამით შეგვენარჩუნებინა უნივერსიტეტის ავტონომიურობის განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ სამი დღის არჩეული რექტორი საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე საქართველოდან „მივლინებაში“ წავიდა და მხოლოდ 30 აგვისტოს გამოცხადდა უნივერსიტეტში. ანუ პროტესტი გამოირიცხებოდა; მხოლოდ მორჩილება იყო დასაშვები. ეს ნიშნავდა წინა ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ნომინალური ავტონომიურობის განხორციელების შესაძლებლობის გზის მოჭრას, იქნებ სამუდამოდაც, სისტემის საბოლოო დამორჩილებას და გადაყვანას „ახალ“ რელსებზე; ეს ნიშნავდა უნივერსიტეტის შემოსავლების განკარგვას ხაზინით, ეს ნიშნავდა წესდებაში მე-3 მუხლს – ზემდგომი არის განათლების სამინისტრო. ეს ნიშნავდა კიდევ ბევრ აქედან გამომდინარე შეზღუდვას… ეს ნიშნავდა რექტორების დანიშვნას პოლიტიკური მორჩილების ნიშნით, ეს ნიშნავდა სტუდენტისა და პროფესორის ინტერესების ერთი კაცის „სახელმწიფოში“ მოქცევასა და საბოლოო დატყვევებას. ეს გრძელდებოდა და გრძელდება დღესაც და რა გასაკვირია, რომ მისი ფინალური აკორდი სწორედ ეს ე.წ. „რეფორმაა“.
ჰოდა, მოდი, მოკლედ შევაფასოთ – როგორია „სახელმწიფოს“ განათლების სისტემის მოდელირება…
შესაბამისი დოკუმენტი გვაუწყებს, რომ „უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას“. არ შეიძლება, რომ არ დავეთანხმოთ, მაგრამ ეს დოკუმენტი არ აღწერს რეალურ პრობლემებს; აღწერს იმას, რაც ხელისუფლებისათვის არის ხელისშემშლელი პირობა – ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდებია მათთვის პრობლემა, „სამშობლოდან ახალგაზრდების ემიგრაციის წამახალისებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება“ ევროპაში განათლების მიღებაო, გვეუბნება დოკუმენტი. იმ ხელისუფლების მიერ შედგენილი, რომელიც იაფ სამგზავრო ბილეთს გვთავაზობდა, ოღონდ სამუშაოდ წადით ევროპაშიო; მოკლედ, იაფ მუშახელად კი, ბატონო, მიბრძანდით, მაგრამ თუ სასწავლებლად წახვალთ და მაღალი სტანდარტების განათლების გემოს გაიგებთ და ასეთი „იარაღით“ დაბრუნდებით, როგორიც განათლებაა, ეს ჩვენთვის საშიშიაო; ე.ი, სოციალური მიგრაცია მისაღებია და იქიდან გაწამებული შრომით მოპოვებული ფულით ბიუჯეტის შევსება, დარჩენილი მოსახლეობის შენახვა ლუკმაპურით – კი ბატონო, აბა, აგუგუნებული ასი ქარხნის ხმის ჩახშობის მოსურნე განათლებული ახალგაზრდობა თუ დაგვიბრუნდება, აქ მისი ადგილი არ იქნება და არც დაგვიბრუნდებაო.
დოკუმენტი წერს: „საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფენ თანამედროვე სტანდარტების ცოდნის მიწოდებასა და პროფესიული უნარების განვითარებას სტუდენტებისთვის“. საინტერესოა, თუ ამ მაღალი სტანდარტების შემქმნელად ვის აღიარებს დოკუმენტის ავტორი? თუ ეს მაღალი სტანდარტი დასავლური განათლებაა, მაშინ რატომაა მისგან დისტანცირება ახალი დოკუმენტის მიერ გაცხადებული მთავარი მიზანი? რატომაა საშიში უკვე საქართველოში მიღწეული, მართლაც, მაღალი განათლების სტანდარტი – საერთაშორისო თანამშრომლობა, გრიფირების მაღალი ინდექსი, ინტერდისციპლინორობა, ინტერნაციონალიზაცია, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა კლასიფიკატორთან და საერთაშორისო დასავლურ სისტემაში არსებულ სასწავლო პროგრამებთან, მობილობა და სწავლის გაგრძელება ჩვენ მიერ მინიჭებული კრედიტების თავისუფალი აღიარებით? ეს ყველაფერი ტყუილი შრომა იყო? არ ვდაობთ, რომ არის ხარვეზები განათლების სისტემაში, მაგრამ ზემოთ აღვნიშნე, რომ ხარვეზები განპირობებულია განათლების სისტემის პოლიტიზირებითა და პოლიტიკური ნიშნით განათლების სისტემის მართვაში დანიშნული არაპროფესიონალებით, თქვენ რომ მხოლოდ მორჩილების ნიშნით ნიშნავთ, მაგალითად, ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრში, სადაც ცხვირწინ უდევთ პროფესიონალის კითხვები არაკომპეტენტური პროგრამის შესახებ, რომელიც მათ პროცედურული დარღვევითა და, უფრო მეტიც, კონსპირაციულად და არაპროფესიონალური „შემოწმებით“ დაამტკიცეს. პასუხი კი არავის მოუთხოვია, არც დასმული კითხვებისთვის უპასუხიათ. შედეგი? დიახ, შედეგი იქნება შესაბამისი. მაშასადამე, მართვის სისტემაში პერსონების არააკადემიური ნიშნით დანიშვნაა პრობლემა და არა ის, რომ, ზოგადად, განათლების სისტემის მოდელია შესაცვლელი. თქვენ უნდა შეიცვალოთ – მმართველები. ეს კონცეფცია შეიმუშავეს არასპეციალისტებმა; ეს ეწინააღმდეგება აკადემიურ თავისუფლებას, რადგან ვიღაც არასპეციალისტი დაგეგმავს, რა პროგრამა და რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს გამოიწვევს იზოლაციას, ხარისხის, ინტერნაციონალიზაციის გზის შეზღუდვას, გააუარესებს სწავლისა და სწავლების ხარისხს, აისახება ნეგატიურად სტუდენტებზე… ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციას. ჰოდა, მთავარი კითხვაა – რა არის წარმოდგენილ 4 გვერდიან კონცეფციაში ქართული საგანმანათლებლო ინტერესების გამომხატველი, ან არსებული ტრადიციის გამგრძელებელი? ქართულია ეს? ეს არის ჯავახიშვილის საგანმანათლებლო კონცეფციის გაგრძელება? ასეთი დამანგრეველი კონცეფცია თვით ბოლშევიკებმაც კი ვერ განახორციელეს…
დოკუმენტი აგრძელებს: „აღნიშნული გარემოება პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის გამოწვევების საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, სათანადო ხედვისა და მისი თანმიმდევრული განხორციელების პირობებში, სავსებით შესაძლებელია, საქართველოში ჩამოყალიბდეს იმგვარი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც ქართველ სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების ცოდნას მიაწვდის და შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვავს. უმაღლესი განათლების რეფორმის სწორი ხედვისა და გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თითოეული გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საუნივერსიტეტო სისტემა დგას“. ამგვარად, დოკუმენტის ავტორი იმდენად ლოგიკურად „თანამიმდევრულია“, რომ უნებურად ცხადყოფს თავის მთავარ საფიქრალს – საუნივერსიტეტო განათლებას. ანუ, ჩემი აზრით, დანარჩენი ორი, უპირველესი – სკოლამდელი და საშუალო განათლება არაა პრობლემური, ანუ უკვე მოთვინიერებულია, არც ისეთი მასშტაბური აქტივები, კორპუსები გააჩნია ქალაქის ცენტრში, რომ ბისზესგეგმებისთვის საინტერესო იყოს, ამიტომ დოკუმენტის ავტორი, რომელიც, ამავდროულად, პროფესორიცაა, ამბობს – განათლების სისტემის მთავარი პრობლემა უმაღლესი განათლებააო. ასეთია მისი „ხედვა და „თანამიმდევრულობა“. საშუალო განათლებაში ხელისუფლების „თანამიმდევრულობა“ უდაოდ „დადასტურდა“ ჩინური ენის საშუალო განათლების სისტემაში სწავლების თათარიახლად შედგენილი პროექტის „ადეკვატურობით“ და ახლა უკვე სექტემბრიდან საქართველოს 2250-ზე მეტი სკოლა ჩინურად „ამეტყველდა“… კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლების საგანმანათლებლო სტრატეგია შეპირობებულია გეოპოლიტიკითა და, ზოგადად, პოლიტიკით. არანაირი საჭიროება, სწავლების მეთოლოგია, სახელმძღვანელოები, პედაგოგები, თანაც ამდენი, არანაირი ახსნა, რატომ ჩინური და არა, ვთქვათ, ავღანური? რის მიხედვით და ვის მიერ წყდება განათლების ბედი? რას ერჩით საზოგადოებას, ისედაც შეჭირვებულსა და გაწამებულს?
ამგვარად, „რეფორმატორი“ განათლების სისტემის შენობის „სწორ“ შენებას ლამის სახურავიდან – უმაღლესი განათლებიდან იწყებს: „უმაღლესი განათლების რეფორმის სწორი ხედვისა და გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თითოეული გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საუნივერსიტეტო სისტემა დგას: და, აი, ასე „სწორად“ განსაზღვრავს მთავარ პრობლემას და უნებურად ამჟღავნებს რეფორმის მიზანს – ხელში ჩაიგდოს თბილისის ცენტრში საუნივერსიტეტო შენობები და გადაეცეს ბიზნესს… დოკუმენტში წერია:
„1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. საქართველოში სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს. აღნიშნული გარემოება იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და ახალგაზრდების აქტიურ მიგრაციას რეგიონებიდან თბილისში, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების ჭრილში, სერიოზულ გამოწვევად უნდა შეფასდეს. საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურით არასათანადოდ არის დატვირთული ქვეყნის სხვა უმსხვილესი ქალაქები. სათანადოდ არ არის განვითარებული რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო შესაძლებლობები. გაძლიერებულ მხარდაჭერას საჭიროებს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიები;“
უნდა დავეთანხმოთ, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს, მაქსიმუმ რამდენი სტუდენტი შეიძლება ჰყავდეს ერთ ფაკულტეტს, მით უმეტეს, რომ მისაღები კონტიგენტის დაგეგმარებასაც ზემოდან მოახდენს სახელმწიფო. ნუთუ ესაა, მაგალითად, უბედურების ზონად ქცეული ჭიათურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, თუნდაც სამთო მადნების მომპოვებელი სპეციალობა აქ გადაიტანონ? ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს უნივერსიტეტები და კიდევ რომელი უმსხვილესი ქალაქია საქართველოში „ფაკულტეტების“ განვითარებით სოციალურ-პოლიტიკური განვითარების მომლოდინე? ან კიდევ, თბილისში თუ მოშლის უმაღლესი განათლების ცენტრებს – უნივერსიტეტებს, ამით გააუმჯობესებს რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას? ანუ, უნდა გაიყიდოს თბილისის ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო შენობები და გადაეცეს ბიზნესს – გასართობ ცენტრებსა თუ რა ვიცი, კიდევ რა სახის ჩანაფიქრია და ამ „აღებ-მიცემობით“ მიღებული შემოსავლით გავაძლიერებთ რეგიონებში გადაყტორცნილ ფაკულტეტებსა თუ უკვე არსებულ უნივერსიტეტებს? წარმოუდგენლად მზაკვრული ჩანაფიქრია. ის მაინც თუ წარმოუდგენიათ, რომ საუნივერსიტეტო განათლების უნივერსალიზმი მასში სხვადასხვა სპეციალობების ერთობლიობა და ურთიერთმიმართებაა, მობილობაა, ინტერდისციპლინურობაა… მოკლედ, თუ სამართლის სპეციალობის სტუდენტი ჩხოროწყუში მოინდომებს მობილობას სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებზე, უნდა გადავიდეს საგარეჯოში, ან სხვა ქალაქში, სადაც ერთი უნივერსიტეტის დაშლილი სპეციალობებია გადატანილი… ამგვარად, წარმოდგენილი კონცეფცია, რომელსაც არაფერი აქვს კონცეფციისა, სრულად გააუარესებს სწავლების ხარიხს, შეუძლებელს გახდის პროფესურის მუშაობას, სტუდენტების სწავლისა და ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობებს… რაში სჭირდებოდა სახელმწიფოს რეფორმებით ჩარევა, ამის გარეშეც კარგად ყიდდნენ „მკვდარ“ აქტივებს, რადგან ზენდგომი განათლების სამინისტროა, ანუ მთავრობა; ამით სარგებელს კი უნივერსიტეტები ვერ ნახულობდნენ, უბრალოდ, ემორჩილებოდნენ ბრძანებას ზემოდან. აქტივების „გასხვისების“ დინამიკას თუ ცალკე შევეხებით, ამას კარგად დავინახავთ. ამგვარად, ურბანული გადალაგება მოიტანს რამდენიმე „სიკეთეს“ ხელისუფლებისთვის: 1. სტუდენტური პროტესტის ინიცირება და აკუმულირება დედაქალაქში იქნება შეუძლებელი, მაშინ, როცა ეს მოსალოდნელია, რადგან სახელმწიფო არის მიტაცებული და საზოგადოებრივი ცხოვრების სივრცეებიდან მხოლოდ უნივერსიტეტები დარჩა, სადაც შეიძლება გაისმას თავისუფლების ხმა, ეს კი, რა თქმა უნდა, დისკომფორტია ხელისუფლებისთვის; 2. ურბანული გადალაგების შედეგი იქნება – ცენტრში გასართობები და სწავლა-სწავლება პერიფერიებში; სასწავლო კორპუსების გაყიდვა და მის ნაცვლად ბიზნეს-სექტორის გაჩენა პირდაპირპროპორციულია განათლების სისტემის ნგრევისა, მიღწეულის განადგურებისა. 3. განათლება გახდება ელიტარული და მისი მიღწევა მხოლოდ მდიდრებს შეეძლება, მდიდრები დაკავშირებული იქნებიან მმართველ ძალასთან და მათ არ ექნებათ არც პროტესტი და არც უკეთესი განათლების მოთხოვნა. 4. სახელმწიფო უშუალოდ შედის განათლების სისტემაში – ინტერვენციას ახდენს, განსაზღვრავს დარგებსა და კონტიგენტს, პროფესორების შერჩევას კონკრეტული ნიშნით და არა პროფესიონალიზმით, შეზღუდავს იმ დარგებს, რომელიც შრომით ბაზარს ნაკლებად სჭირდება (ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური…), ამით ის მოკლავს, ჩაკლავს რიგ ეროვნული ინტერესების მატარებელ მიმართულებებს და დასცემს განათლებისა და კვლევის ხარისხს; საქართველოს აქცევს სერვისის ქვეყნად ან სულაც გუბერნიად, სადაც მაღალ ტექნოლოგიებზე და მეცნიერების განვითარებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნება… ამით ჩვენ გავხდებით არა დასავლური ცივილიზაციის ქვეყნების ტოლფასი სახელმწიფო, არამედ რუსეთზე დამოკიდებული უბრალოდ სივრცე, სადაც რუსული რბილი ძალა საგანმანათლებლო პროგრამებში იქნება დანერგილი და საბოლოოდ შეაპირობებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაღუპვას.
დოკუმენტი გვაუწყებს: 2. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება. საუნივერსიტეტო სისტემაში რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. შესაბამისად, თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას. უნდა დაიხვეწოს და მოწესრიგდეს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. მკაფიო ლოგიკის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ძირითადი და არჩევითი საგნები თითოეული სპეციალობის მიხედვით. უნდა დაიხვეწოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რათა სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მისი სახელით გასაცემი დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე;
რა თქმა უნდა, კრიტიკას არ ექვემდებარება ხარისხის შესახებ აქ წარმოდგენილი მსჯელობა. დოკუმენტი ძირითადი არჩევითი საგნების განსაზღვრასაც არ ივიწყებს, ჰოდა, სადაა თავისუფალი კრედიტების შესაძლებლობა, იქნებადა, ვანში გადატანილი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტმა მოიწადინა თავისი თავისუფალი კრედიტები დაუთმოს პედაგოგიკის შესწავლას, ამისთვის მას დასჭირდება ფოთში გადაბარგება… ან ამავე სპეციალობის ყველა პროფესორი თანახმაა, გადასახლდეს ვანში ან ფოთში? განათლების ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისმა ეროვნულმა ცენტრმა უნდა იკისროს, ოღონდ აკრედიტაციის ამ სამსახურს პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ნიშნავდნენ, აი, ესაა პრობლემა და არა ის, რომ მავანმა იცის ყველა სპეციალობის თავისებურება, რადგან სადღაც „ზემოთ“ სამინისტროში ზის და უფლება მიანიჭეს, „დაგეგმოს“ ან გაანადგუროს დარგები.
დოკუმენტი ეხება საკადრო პოლიტიკას : 3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა. მაგრამ ეს დახვეწა ხვეწასა და „დამუშავებას“ უფრო ჰგავს, ის შორს არის კადრების მართვის ცოდნისაგან; შეპირებული მაღალი ანაზღაურება, ნაწილობრივ 10 000-იანი ხელფასით მოსყიდვა უფროა, ვიდრე სწავლების ხარისხზე ზრუნვა. ვინც ამ მოტივით ახლა დუმს, მინდა ვთქვა, რომ ისინიც იქნებიან მოწყლვადი, არავინ იქნება დაცული „რევიზიისაგან“. დღეს პროფესურის აგრესიული მდუმარება დანაშაულის ტოლფასია ქვეყნისა და მის მიერ არჩეული დარგის მიმართ.
განა რა არის ახალი შემდგომ პუნქტში, აქ არაფერი წერია, როგორ განახორციელებს ამ ამოცანას – 4. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა.
განა აქამდე არ ზრუნავდა პროგრამები, სწავლებაში დაენერგა მეცნიერების მიღწევები? თუ სპეციალისტს შეეზღუდება ორ სამსახურში მუშაობა, მაშ, როგორღა შევძლებთ სამეცნიერო ინსტიტუტში მოღვაწე სპეციალისტის ჩართვას სწვლებაში, ან რატომ უნდა შეიზღუდოს – სახელმძღვანელოების შექმნა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორის პრეროგატივა იყოს?
იკვეთება, რომ მსოფლიო ბანკიდან აიღებს სესხს ხელისუფლება 400 მილიონის ოდენობით მაღალი პროცენტით, ეს სესხი საქართველოს მოქალაქეების გადასახადი იქნება; ჩვენივე თანხით ხელისუფლება განათლების დაფინანსებისა და პროგრესის ნაცვლად შეამცირებს განათლების დაფინანსებას 25%-ით, თუ სწავლება იქნება 3+1; შემცირდება ფულის ხარჯვა. ამგვარად, უნივერსიტეტის სტატუსი „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ფულის ხარჯვასა და ზრუნვას. საშუალო განათლების 11 წლიანად გადაკეთებაც ფულის ხარჯვის შემცირებაზეა ორიენტირებული და ქართული საგანმანათლებლო სივრცის ევროპული განათლების სისტემიდან იზოლაციაზე. ეს მოსპობს თანაბარ შესაძლებლობებს მოსახლეობაში – გააგრძელონ სწავლა დასავლეთში. სახეზეა უთანასწორობის პოლიტიკა, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს განათლების ხარისხის, სახელმძღვანელოების, პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სტუდენტურ საცხოვრებელსა და ინფრასტრუქტურაზე, გაზრდილ სტიპენდიებზე, ე.წ. კონცეფცია შეუნიღბავად აცხადებს, თუ როგორ არის დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტივებით; დეცენტრალიზაციის სახელით, გააუქმებს სპეციალობებს, შესაბამისად, იმ შენობებს დაეკარგებათ ფუნქცია და გაყიდის… დეველოპური ბიზნესისთვის დიდი ქონების მუქთად ხელში ჩაგდება სარფიანი აღებ-მიცემობაა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.
უსამართლობის მკაფიო განცდის მიუხედავად, დუმილი მეფობს ირგვლივ. აგერ, ჩვენ თვალწინ მელიქიშვილზე ისტორიის ინსტიტუტის შენობის ნაცვლად სხვა შენობაა წამოჭიმული, ენათმეცნიერების ინსტიტუტი წლებია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ინგრევა; როგორც ჩანს, ხელნაწერთა ინსტიტუტის ადგილიც „მოსაწონია“ მავანთათვის და ა.შ. ავადსახსენებელი საბჭოთა პერიოდის დროს შექმნილი სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუციები, იდეოლოგიური მარწუხების მიუხედავად, ახერხებდნენ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განვითარებას, ქმნიდნენ შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხდებოდნენ მეწინავენი მნიშვნელოვან დარგებში არა მხოლოდ საბჭოეთის მასშტაბით. დღეს, თავისუფალ საქართველოში, ხდება პირიქით – იზოლაციონიზმი, დაბალი ხარისხის განათლებასა და მეცნიერებაზე ორიენტირება, რადგან ძალიან მალე ქართველობა საქართველოში იქნება უმცირესობაში და მისი ფუნქცია იქნება სერვისი მხოლოდ, ამას კი ნამდვილად არ სჭირდება სიღრმისეული განათლება და კვლევა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
თითქმის ათასი წლის წინ მოძღვართ-მოძღვარს (რექტორს) სწავლული მეფეები პატივით „ნოხთა პირს“ ეგებებოდნენ, უსმენდნენ და მათ მიერ დასახულ საჭიროებებს ფინანსური მხარდაჭერითა და ძლიერი კანონებით ეხმიანებოდნენ. მოძღვართ-მოძღვარნი გეგმავდნენ განათლებას და არა ხელისუფალი. დღეს, 21-ე საუკუნეში, ე.წ. „რეფორმატორი“ იბარებს რექტორებს და „ამცნობს“ ზემოდან, ვიღაცის ინტერესებზე მორგებულ კონცეფციას ისე, რომ ამ რექტორებს მხოლოდ დათანხმებაღა ევალება; ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თანახმაა ამ აბსურდულ, დამანგრეველ პროცესში იყოს ჩართული. პროფესურის უმეტესი ნაწილი „საღათას“ ძილითაა შეპყრობილი, აქაოდა, ეს მე არ მეხებაო. არადა, ეს ეხება ყველას, ყველა ოჯახს, მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკურობისა თუ აღმსარებლობისა… განათლების მკვლელობა ისეთი „აქლემია“, ყველას კართან ჩაიჩოქებს…
თქვენ რას ფიქრობთ, ახალგაზრდებო? ვიცი, არ იქნებით თანახმა – დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთში გადაგამისამართოს სისტემამ, რეჟიმმა… სამწუხაროდ, ასეთი „პროექტიც“ არსებობს… რისი შედეგიც იქნება უძველესი ქართული – იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის მოშთობა ევრაზიულ ნეოკოლონიალისტურ სტომაქში.
4.11.2025″ – აღნიშნულია სტატიაში.

იტვირთბა....