ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინულ მედიასთან საკუთარ ხელფასზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს მან მხოლოდ 1 500 დოლარი მიიღო.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ მართლაც გამოაქვეყნა სააკაშვილის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც გუბერნატორის შემოსავალმა, 2015 წელს სახელფასო ანაზღაურების სახით 38,6 ათასი უკრაინული გრივნა (1500 აშშ დოლარი, 3432 ლარი) შეადგინა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ სააკაშვილი უკრაინაში 6,92 ათასი და 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებს, ასევე 97 კვ. მ საცხოვრებელ სახლს ფლობს. რაც შეეხება გუბერნატორის ოჯახის წევრებს, მეუღლისა და შვილების მფლობელობაშია 754 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გუბერნატორისა და მისი ოჯახის წევრების პირად საკუთრებაში ავტომობილი არ არის.
დეკლარაციის მიხედვით, საზღვარგარეთ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მიხეილ სააკაშვილი 57 ათასი აშშ დოლარს, ხოლო უკრაინულ ბანკში 129,95 ათასი უკრაინულ გრივნას ფლობს. რაც შეეხებათ ოჯახის წევრებს, საზღვარგარეთულ ანგარიშებზე მათ საკუთრებაში 48 ათას აშშ დოლარია.
წყარო: PolitCommersant