პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ და ისინი გაზრდილ ხელფასს აპრილის ბოლოს მიიღებენ. -ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
პედაგოგებს ხელფასი კარიერული სქემის ფარგლებში გაეზარდათ.
თამარ სანიკიძის განცხადებით, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით, როგორც ეს შეთანხმებული იყო და შესაბამისად, გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით.
„2012 წელს, ჩვენ ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც იყო 245 ლარი. დღევანდელი ცვლილების შედეგად, საბაზო ხელფასი 405 ლარი გახდება, რაც არის დაახლოებით 65%-იანი ზრდა. 2016 წლის აპრილიდან, პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის უკვე დაახლოებით 600 ლარი, ხოლო 2012 წელს იყო 360 ლარი. უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 800 ლარი, 2012 წელს იყო 450 ლარი. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი არის 965 ლარი, 2012 წელს დაახლოებით 500 ლარი იყო. პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში გვაქვს 67%-იანი ზრდა, 78%-იანი ზრდა – უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში და წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – 93% ზრდა“, – განაცხადა სანიკიძემ.
მასწავლებელთა ხელფასის მომდევნო ზრდა 2017 წელს 1-ელი იანვრიდან არის დაგეგმილი. ამ პერიოდიდან მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარით უნდა განისაზღვროს.
პედაგოგთა ხელფასის ზრდისთვის სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსება გაზარდა და კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასის გასაზრდელად დამატებით 90 მილიონი ლარი გამოყო.
2017 წლის ხელფასების გაზრდას 35 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება.