ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

14 აპრილი: დღეს ქართული ენის დაცვისა და შენარჩუნების თარიღია

დღეს, 14 აპრილს,  საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

თარიღის ისტორია 1978 წლის 14 აპრილიდან იწყება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ამ ფაქტს ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.

უფრო ზუსტად კი, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ, მიიღო გადაწყვეტილება,   კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ე.წ. მცირე ენების გაუქმებასა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. სხვებთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ქართული ენაც აღმოჩნდა. რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება  უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა.  ეს ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ქართული ენის  დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ მრავალი ათასი დემონსტრანტი დაიძრა, სადაც თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სტუდენტობა სჭარბობდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ. საპროტესტო აქციები ანალოგიური მოთხოვნით ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.

მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს  სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

იტვირთბა....