რუსეთის მიერ კიევზე 25 ოქტომბრის ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა – აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომლის თქმითაც, დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მაშველები დესნიანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და 9 და 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
“რუსეთმა წუხელ ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ქალაქის რამდენიმე რაიონში ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ბავშვები” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

