პარტია „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების მიხედვით პარტიების მხარდაჭერის თვალსაზრისით რეიტინგი ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება – 33,2%
ნაციონალური მოძრაობა – 30,7%
თავისუფალი დემოკრატები – 7.9%
რესპუბლიკური პარტია – 7,3%
აღნიშნული კვლევის შედეგები NDI-ის კვლევის შედეგებთან დიდ წინააღმდეგობაში არ მოდის. გამოცემა „ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა 1-3 აპრილს საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.
კვლევაში გაურკვევლად – ერთ პოლიტიკურ სუბიექტებად არიან დაჯგუფებული „პატრიოტთა ალიანსი და მრეწველთა პარტია“, – 9,6% , ასევე გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანებისა და ეროვნული ფორუმის რეიტინგი – 11, 11%.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულათა 73% აპირებს.
გამოკითხვის ათი პუნქტიდან ხუთში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (მარნეული, რუსთავი, თბილისი, ოზურგეთი, თელავი) და ხუთში ნაციონალურმა მოძრაობამ (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი).
შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა NDI-ის და IRI-ის კვლევებს ღიმილისმომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ მათი კვლევები ნდობას არ იმსახურებს.
„შიდა კვლევებს ვატარებთ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თვითკმაყოფილები არ ვიყოთ, ჩვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ვიტყოდი, რომ რამდენჯერმე უსწრებს სხვა ძალებს”, – განაცხადა სესიაშვილმა, რაც 1-3 აპრილს ჩატარებული შიდა კვლევების შედეგებით არ დასტურდება.
წყარო: http://ghn.ge