ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი

„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:
 პარტიის შექმნა;
პოლიტიკური პარტიის წევრობა;
პარტიის ორგანოს წევრობა;
პარტიული თანამდებობის დაკავება;
არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;
 თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:
აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.
რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.
პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.
ვინ არის „პარტიასთან დაკავშირებული პირი“
კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ასეთ პირებს შორის „ოცნებამ“ შეიძლება დაასახელოს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ის პირებიც, რომელთა საქმიანობაც, გორდულაძის თქმით, თანხვედრაშია პარტიის მიზნებთან.
რა საფუძვლით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს
ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
იტვირთბა....